რას გულისხმობს "ფარული პატრულირება" - შსს ცვლილებას განმარტავს

საგზაო მოძრაობას პოლიცია ამოსაცნობი ნიშნების გარეშეც გააკონტროლებს - აღნიშნული ცვლილების შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამცნო.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, "სიახლე გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მიკროავტობუსის ფორმის, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ". მისივე თქმით, დარღვევები რეალურ დროში მოქალაქესთან კონტაქტის გარეშე დაფიქსირდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამის გარდა გადასატანი რადარების შემოღება იგეგმება.

"დღეის მდგომარეობით ყველა მძღოლისთვის ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს. სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს", - აღნიშნა მან.