ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ
- 2015-12-11 09:07:02
- 2723 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვინაიდან დიდ ინტერესს იწვევს გვარებისა და წარმომავლობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციები, ამიტომ ვაგრძელებთ მკითხველის მოთხოვნით კიდევ რამდენიმე გვარის შესახებ არსებული ცნობების მოწოდებას. ზოგიერთი მათგანის გარშემო მეცნიერების მიერ შეკრებილი მასალა მწირია, ზოგი - ვრცელი.
ბერიძე - მთელ საქართველოშია გავრცელებული. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი - ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც გვარ-სახელებშია შესული: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე... ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვილი. მესხეთში (ახალციხის რაიონი) სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, იქ ასპინძის რაიონიდან გადმოსულან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით ბერიძესშვილებად იწერებოდნენ, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. იქ მცხოვრები ბერიძეები ორ შტოდ ყოფილან დაყოფილი: ბერიძიანებად და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფელ ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები.
დათუაშვილი – გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან "დათუა". დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად მიიჩნევა. ისტორიულ ცნობებში, 1710 წელს ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება.
თამარაშვილი - ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი - მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.
კოპტონაშვილი – მომდინარეობს მეტსახელიდან "კოპტონა". გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვამს, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. იქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.
ბარნოვი - მესხური წარმოშობის გვარია, ასპინძის რაიონიდან, სოფელ ბარნავიდან. ოსმალების ხშირი შემოსევების გამო სოფელ ბარნავიდან ქვემო ქართლში (კოდაში, დღევანდელ თეთრიწყაროს რაიონში) გადმოსახლებულა ზაქარია ბარნოვი, შემდგომში ცნობილი მწერლის, ვასილ ბარნაველ (ბარნოვის) მამა. ის XIX საუკუნის მეორე ნახევარში დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდი ენაგეთის მღვდელი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. გვარი - ბარნაველი რუსიფიკაციამ შეიწირა. გვარმა რუსული დაბოლოება შეიძინა. ვასილ ბარნოვი თავის პაპას, აბრამს, ბარნაველად იხსენიებს. თუმცა შვილებმა დაიბრუნეს ბარნაველის გვარი.
კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.
ასლამაზიშვილი – ეს გვარი გარდაბანში, მცხეთასა და თბილისშია გავრცელებული. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIII ს.) მეტსახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი.
XIX საუკუნის თბილისში ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამასთან, 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615, 1689, 1782 წლებში. გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი. წაიკითხეთ სტატია სრულად