ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით პაციენტის გარდაცვალების შესახებ. რამაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფრორიაქა. "მკურნალი.გე" კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:

რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?
გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება “ღორის გრიპს”, მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას “ღორის გრიპის” სახელი.
რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?
ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

წაიკითხეთ  სრულად