გთხოვთ, წამართვით ,,ქართველობა”.
- 2016-01-27 20:27:46
- 7205 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა არის ეს საკრალური აბსტრაქცია – ,,ქართველობა” – რომელსაც ასე ჯიქურ გვართმევენ
თამამი ახალგაზრდები,
ევროპისკენ სახით მდგარი ადამიანები,
ისინი, ვისაც ბრმად არ სწამს
და სხვა ეშმაკისეული ქმნილებანი.
ქართველობის წართმევაზე ძირითადად როგორი ადამიანები წუწუნებენ, ალბათ, ყველამ იცის.
სასმელით მუცელდაბერილი შუახნის მამაკაცები, მათი ცოლები და ის, ვინც ამ ორი უკანასკნელის გონების სიბნელით ხელს ითბობს.
დამანახეთ ქართველობა იქ, სადაც გოგოს, რომელიც ერთი თვის გაცნობილმა ბიჭმა მოიტაცა 15 წლის ასაკში, სახლში დაბრუნება არ დააძალეს. მისი არჩევანი იყო რომ გათხოვდა და დარჩეს ახლა იქო – ასე თქვა მამამ. არავის უცდია, ბავშვი მშობლებთან დაებრუნებინა, არავინ დალაპარაკებია, რომ მისთვის სწორი გზა ეჩვენებინა. ზუსტად 2 თვეში გოგო ნაცემი დაბრუნდა სახლში და მალევე უკან გაუშვეს, ოჯახია, უნდა შეინარჩუნო, ასე ყველა კინკლაობაზე რომ კერა გამეციებინა, ამ ცხოვრებას აქამდე ვერ მოვიტანდიო – დედამ. ასე გრძელდებოდა 1 წლის განმავლობაში. ბავშვი მოდიოდა ნაცემი და იარებმოშუშებული უკან ბრუნდებოდა, ქმრისთვის საგულდაგულად გამოწყობილი.
საბოლოოდ ქმარმა მამის თვალწინ სცემა და კაცი იძულებული გახდა, შვილი თავისთან დაეტოვებინა. გოგო ორსულად აღმოჩნდა. აბორტი გაუკეთეს. წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვერ მიხვდა, რას აკეთებდა. ზუსტად ვიცი, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ საკუთარ შვილს კლავდა. უბრალოდ ორსულობა შეწყვიტა და მორჩა. როცა დედამისს ამაზე ვინმე პასუხს მოსთხოვდა, ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა – ყველაფერს ამსუბუქებდა იმით, რომ აბორტი მედიკამენტოზური, უმტკივნეულო იყო. – ვიცი, ამას ბევრი მოგონილ ისტორიად ჩათვლის, მაგრამ ფაქტები ყოველთვის იმაზე მეტად ჯიუტები არიან, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ამის წარმოდგენა – 15 წლის გოგოს სხეულზე სიგარეტის ჩაქრობით დატოვებული იარები, ისტერიკული სიცილი აბორტის ხსენებაზე და ვერგააზრება ყველაზე ძვირფასის მკვლელობაში თანამონაწილეობისა. ზუსტად ამ საცოდავი ბავშვის მამა სვამს ხშირად ქართველობის სადღეგრძელოს.
ქვეყნის ხსენებაზე ჭიქას სასულიერო პირებიც ბოლომდე ცლიან. მინახავს ესეც. ისინი, ქუჩაში მდგარ ნაყიდ ბავშვს, სამყაროს ყველაზე დიდ მსხვერპლს, უშველებელი ჯიპის ფანჯრიდან შეხედვას და მარჯვენა ხელის გამოძრავებასაც რომ ამადლიან – დალოცვაა ეს მოძრაობა. დალოცვა, რომლისაც თვითონაც აღარ სწამთ.
განსაკუთრებით აქტიურად იცავენ ქართველობას ,,რუსეთებში ნაგულავები” 90-იანი წლების ბნელი გადმონაშთები. სმისა და უსაქმურობისგან სიგრძე-სიგანე ერთი ზომის რომ აქვთ. ყოველდღიურობად ქცეულ სუფრაზე პირველივე ლუკმის შემდეგ ნელ-ნელა რომ იწყებენ ქამრის შეხსნას, მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ მუცელს რომ ათავისუფლებენ მჭიდროდ შემოჭერილი შარვლისგან და სმით დაღლილები ცოლებს აგინებენ (უნდა ვაღიარო, ზოგი მეგობრების თვალწინ ამის გაკეთებას ერიდება, პატივს სცემს საკუთარ მეორე ნახევარს და ალბათ, იმ 6 ჭიქას, რომელიც ქალების ქება-დიდებაში გალია).
,,ბიჭებო, მოდით, ჩვენს ქალებს გაუმარჯოთ! ამათ შემოვევლეთ,ჩვენი ცოლები, ჩვენი გოგოები, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ამათ გარეშე?! – არაფერი! “
დავფიქრდი და, ეს ადამიანები სწორედ იმას შეურაცხყოფენ, რასაც სიტყვიერად ადიდებენ.
არ მინახავს ქართველი კაცი, რომელიც სიყვარულის, სამშობლოს, ოჯახისა და ცოლის სადღეგრძელოს არ დალევს. რომელს სცემს პატივს? – არც ერთს. საერთოდ არაფრის მიმართ არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად და იმაზე ლაპარაკი ღიმილს ჰგვრის, რომ ევროპა ახლოს არის. მერე გულის წყვეტა ესახება უსახურ სახეზე და მოსკოვში ნაყიდ შოკოლადსა და შამპანურს იხსენებს, რომლითაც არარსებულ ნატაშასთან ადიოდა.
ამ ,,ქართველობის” წართმევას ცდილობს ევროპა. სწორად გააზრებული თავისუფლებისა და კეთილი ნების უზენაესობის შემოტანას ვერ ეგუებიან ზემოთხსენებული ,,პატრიოტები”. რაც უფრო ახლოს მოვა დასავლეთი, მით მეტი ქართველი ქალი გაიგებს, როგორია ნამდვილი ქმარი და როგორ უნდა ექცეოდეს მას კაცი. მეტი ადამიანი მიხვდება, რომ მღვდელი შუამავალია უზენაეს ძალასა და ადამიანს შორის და არა თვითონ ღვთაება, რომელსაც მრევლმა ძღვენის სახით ვეებერთელა მანქანა უნდა მიართვას და მეტი გოგო გაიგებს, რომ მიუხედავად იმისა, მოხდა მის ცხოვრებაში არასასურველი დეფლორაცია თუ არა, მას უფლება აქვს, აიტანოს მხოლოდ ის, რაც მას სიამოვნებას მოუტანს – იცხოვროს კაცთან, ვინც ცემის ნაცვლად პატივს სცემს მას და შეებრძოლოს (ან გაექცეს) ქმარს, რომელიც ცოლს მხოლოდ საფერფლედ და გამრავლებისთვის საჭირო ჭურჭლად აღიქვამს.
,,წაგვართვან ” ეს დამახინჯებული, ფასეულობებისაგან დაცლილი ,,ქართველობა” და გაგვააზრებინონ, რა არის კოსმოპოლიტიზმი.
გვასწავლონ, როგორ უნდა შევიგრძნოთ და მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და როგორ მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში.
შეგვაგნებინონ, რომ პატიოსანი მუშაობა, გეგმაზომიერი მოქმედება განაპირობებს როგორც პიროვნების, ისე სახელმწიფოს წარმატებას,
რომ გავლენიანი ნათესავი არ ნიშნავს ჩვენს კარიერულ წინსვლას,
რომ ყველა პროფესია ერთნაირად პატივსაცემია,
რომ ერთ ადგილას გაჩერებული, ცივილიზაციისაგან შორს მდგარი რუსეთი არ არის მომავალი,
რომ უნდა გვეამაყებოდეს ჩვენი სამშობლო, თუმცა არ უარვყოფდეთ სხვას (ისევე როგორც რელიგიას),
რომ ქალებს ხმის უფლება აქვთ,
რომ უმცირესობები ვერ ,,გაგვირყვნიან” შვილებს, თუ ჩვენ თავად არ შევქმნით მათ ასეთებად
და ამის შემდეგ ,,ქართველობა” ბევრად უფრო ფასეული ცნება გახდება.
ნატა გელაშვილი | Nata Gelashvili
trustthereporter.wordpress.com