მკვლელობა კუკიაზე - 31 წლის ქალბატონი ქმარმა მოკლა

მკვლელობა მოხდა გვიან ღამით კუკიის დასახლებაში. გარდაცვლილია 31 წლის ქალბატონი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ შელპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული აბრამ ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ღამით, თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა აბრამ ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).



newposts.ge