ჰქონდათ თუ არა ძველ ბერძნებს ლეპტოპი?

ახალგაზრდა ქალის ძველბერძნულ ქანდაკებას ხელში უცნაური საგანი უჭირავს, რომელიც შესაძლოა ლეპტოპი იყოს და მას USB პორტებიც კი აქვს — აღტაცებით ამტკიცებენ შეთქმულების თეორიის მიმდევრები.

მარმარილოს ქანდაკება „ტახტზე მჯდომი ქალი მოახლითურთ“ ძვ. წ. 100 წლით თარიღდება და წარმოსახავს მჯდომიარე ახალგაზრდა ქალს, რომლის წინაშეც მოახლე დგას; მოახლეს ხელში გაურკვეველი ნივთი უჭირავს, რომელსაც ქალბატონი უყურებს და ხელით ეხება. ქანდაკება ამჟამად კალიფორნიაში, გეტის მუზეუმშია გამოფენილი.




2014 წელს, YouTube-ის აქტიურმა მომხმარებელმა და ინტერნეტ-სკეპტიკოსმა StillSpeakingOut-მა გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „ძველბერძნულ ქანდაკებას ხელში უჭირავს... ლეპტოპი?“. აღნიშნული ვიდეო რამდენიმე დღის წინ კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც მის შესახებ სტატია გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.




„მე არ ვამტკიცებ, რომ ეს უძველესი ლეპტოპია, მაგრამ როდესაც ამ ქანდაკებას ვუყურებ, მეფიქრება დელფის ორაკულზე, რომელიც ძველ ბერძენთა რწმენით, ქურუმებს ღმერთებთან აკავშირებდა, რათა მათგან მომავალი და სხვადასხვა ინფორმაცია გაეგოთ“, — აცხადებს StillSpeakingOut-ი. იგი იმდენად შორს მიდის, რომ ნივთის კიდეებზე არსებულ ორ ხვრელს კვების წყაროსა და USB პორტებად მიიჩნევს.

მუზეუმის აღწერილობის მიხედვით, ეს ნივთი ან პატარა სკივრია, ან ცვილით საწერი დაფა, რაც იმ პერიოდის ხელოვნებაში ძალზედ გავრცელებული იყო. ამ მოსაზრებას კონსპირაციონისტები არ ეთანხმებიან.




„ქანდაკებას ხელში უჭირავს გასაოცარი ნივთი, რომელიც საოცრად ჰგავს თანამედროვე ლეპტოპს ან სხვა პორტატულ მოწყობილობას“ — ამბობს StillSpeakingOut-ი.

ეს პირველი შემთხვევა არაა შეთქმულების თეორიის მიმდევართა მხრიდან, როდესაც ისინი ყურადღებას სხვადასხვა ანაქრონისტულ ობიექტებზე ამახვილებენ. მაგალითად, მათი მტკიცებით, ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდში ჩანს ადამიანი, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს.


წყარო: Daily Mail


მომზადებულია - 1tv.ge-ს  მიერ