ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობა და რატომ აღნიშნავენ მას? - რა ვიცით ამ დღის შესახებ
- 2016-02-14 08:35:15
- 2667 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
14 თებერვალი კათოლიკე მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. 14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს- აგრეთვე ვალენტინს. ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი სხვადასხვა მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით, აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა.
მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ლეგენდის თანახმად, კლავდიუს II-მ (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას მას დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილი შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინისაგან". ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.
ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს. წაიკითხეთ სრულად