გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ.

ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში, უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების რიცხვი 250-300 ათასია.

ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის. თავიდანვე ითქვა, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება მძიმე ტვირთადაც იქცეს.

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ სანქციები უნდა გამოირიცხოს, რადგან მას შეიძლება მოსახლეობის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს. გარდა ამისა, გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება არ უნდა განიხილებოდეს ცალკე საკითხად და საყოველთაო ტექდათვალიერების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

"კატეგორიულად ვითხოვდი მანქანების შემოწმების ვალდებულების გადადებას, რადგან უამრავი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია. უცნობია სად შეამოწმებენ მანქანას, ვინ არის დარგის ექსპერტი, სად მივიდნენ, არიან თუ არა სპეციალისტები, რომლებმაც ავტომობილები უნდა შეამოწმონ, რა ტიპის სერტიფიკატი უნდა გაიცეს, ვინ უნდა გასცეს და სხვა. ერთადერთი რამ, რაც ცალსახად გაირკვა, ის არის, რომ გაზზე მომუშავე მანქანებს ვერ შეამოწმებენ იმ კომპანიაში, სადაც ტექნიკა დამონტაჟდა.

ველოდი კიდეც, რომ ამ პროცესს არჩევნებს არ დაამთხვევდნენ. ცხადია, მთავრობის მხრიდან ეს იქნებოდა არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მას დარტყმას მიაყენებს და ამიტომაც გადაავადეს", - განმარტავს მესხიშვილი. წაიკითხეთ  სრულად