აი ასე მიულოცა ლიზა ყენიამ მაია ჯაბუას დედის დღე

ლიზა ყენია (მაია ჯაბუას შვილი): ჯერ კიდევ ბაღში მასწავლებლები დედის დღესთან დაკავშირებით ბარათებს გვაკეთებინებდნენ. რამდენიმე თანაჯგუფელმა წერა ვიცოდით და გაურკვეველი ასოებით დედებს სიყვარულს ვუხსნიდით, ნახატებსაც ვუძღვნიდით.

ბედნიერი ვიყავი, როცა ბარათის კითხვისას მაიას გახარებულ სახეს ვხედავდი. მას შემდეგ დედას ყოველ 3 მარტს ვუწერ ბარათს და საწოლზე ვუტოვებ. არც წელს ვაპირებ ტრადიციის დარღვევას. ჩემი აზრით, დედა-შვილის მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სიახლოვე განსაკუთრებით გოგონებს გვჭირდება. მაიას რჩევები ყოველთვის ზუსტია. ბავშვობიდან ისე მესაუბრება, როგორც ზრდასრულ ადამიანს, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს განვითარებაზე.

ჩემს პროფესიულ არჩევანსაც დედას უნდა ვუმადლოდე, თუმცა მას არასდროს უთქვამს, მომღერალი უნდა გამოვსულიყავი თუ მხატვარი. განუწყვეტლივ სიმღერა ჩამესმოდა ყურში და ვხედავდი, რომ კონცერტებიდან დაბრუნებული დედა ემოციებით იყო სავსე. მისი ცხოვრების სტილი მომწონდა, ამიტომ მომინდა, მეც მომღერალი გავმხდარიყავი.


როგორ ულოცავენ ცნობილ დედებს შვილები 3 მარტს