Mirror: 8 წლის გოგონა ტერორისტებმა ასჯერ მაინც გააუპატიურეს

გერმანელი ექიმი იან კიზილანი, რომელიც სირიელი ლტოლვილების რეაბილიტაციაზე მუშაობს, ბრიტანულ Mirror-თან სირიელი გოგონების ისტორიებს ჰყვება. მისი თქმით, ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გააუპატიურეს, სახე დაიწვა, რათა არავის აღარ მონდომებოდა მისი გაუპატიურება.

„მას აღარ აქვს ცხვირი და ყურები“, - აცხადებს კიზილანი. ექიმის თქმით, გოგონა ლტოლვილების თავშესაფარში იმყოფებოდა, როდესაც სახეზე ნავთი გვიან ღამით გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მას დაესიზმრა, რომ ის კვლავ ტყვეობაში აღმოჩნდა.

ასევე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის 8 წლის გოგონა, რომელიც ტერორისტებმა ასჯერ მაინც გააუპატიურეს. ის 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვეობაში, მას შემდეგ რაც ის სექსმონად გაყიდეს.

იან კიზილანის თქმით, მისთვის არაერთი მსგავსი ისტორიაა ცნობილი. მისივე თქმით, ასეთ პაციენტებს დიდი დრო დასჭირდებათ, რათა „ისლამური სახელმწიფოსგან“ დამოუკიდებელ ცხოვრებას შეეგუონ. ტერორისტების ძალადობის მსხვერპლთა დიდი ნაწილი იეზიდი ქალები არიან.


news.ge