ოქრომჭედლის შეფასება - ღირებულია თუ არა ყვითელი 50 თეთრიანები
- 2016-03-09 20:56:21
- 5138 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს ყვითელი 50 თეთრიანების გაყიდვა საკმაოდ მაღალ ფასად შეუძლიათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი „ალია“ ოქრომჭედელ ბესო ამირეზაშვილს დაუკავშირდა და ყვითელი 50 თეთრიანის ღირებულებით დაინტერესდა.
როგორც გაზეთთან საუბარში ოქრომჭედელი აცხადებს, ყვითელი 50 თეთრიანი ჩვეულებრივი ლითონია და შემცველობით თუთიისა და სპილენძის შენადნობია, რასაც არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს.
„ყვითელი 50 თეთრიანი ჩვეულებრივი ლითონია და როგორც გირებზე, შპრიცების სახარშზე, ზინგერის საკერავ მანქანებზე, თუჯის, ანუ ნახშირის უთოებზე იყო ერთი ამბავი ატეხილი, ასეთი რაღაც ხდება ახლაც. ამ მონეტის შემცველობა თუთიისა და სპილენძის შენადნობია და არანაირი განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს. ვიღაცები უბრალოდ იტყუებიან“, - განაცხადა ამირეზაშვილმა.
ოქრომჭედლის განცხადებით, ეს შეთანხმებული ქმედებაა მოქალაქეების მოსატყუებლად.
„ვიღაც აფერისტმა ეტყობა, მეორე აფერისტი ნახა, რომელსაც ყვითელი 50 თეთრიანები აქვს, მერე შეთანხმდნენ და ერთიმეორისგან ამ სრულიად უსარგებლო ნივთს, სხვა ადამიანების დასანახად, ძალიან ძვირად ყიდულობს. ამ აფიორით კი ცდილობენ, ასეთი მონეტების ძვირად გაყიდვას. ვიღაც დაიჯერებს, რომ ის ძვირად ღირებულია და შეიძლება იყიდოს კიდეც, შემდგომში გაყიდვის იმედით“, - განაცხადა ოქრომჭედელმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე ყვითელი 50 თეთრიანების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული: მოჭრის თარიღი – 1993 წელი. წონა: 2,5 გრ. დიამეტრი: 19 მმ. სისქე: 1,4 მმ. შემადგენლობა: სპილენძის შენადნობი ოქროსფერი.
info9.ge