რა ღირს თქვენი პირადი ცხოვრება?

სულ რამდენიმე დღის წინ ფლორიდის სასამართლომ მორალური ზიანისათვის 115 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა ერთ-ერთ ცნობილ ყვითელ ინტერნეტგამოცემას, რომელმაც რესლინგში მსოფლიოს თორმეტგზის ჩემპიონის ჰალკ ჰოგანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას სიტყვის თავისუფლებაც კი ვერ გადასწონის, თუნდაც ერთ მხარეს იდგეს ცნობილი სპორტსმენი, შოუმენი და მსახიობი, რომლის მიმართ ცხადია განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს, ხოლო მეორე მხარეს ყვითელი პრესა, რომელიც პროფილურად სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრების პიკანტური დეტალების გამჟღავნებით არის დაინტერესებული.

იმ კადრებში ჰალკ ჰოგანი საუკეთესო მეგობრის ცოლთან სექსით არის დაკავებული, რაც ცხადია პურიტანული ამერიკული ოჯახებისათვის (და ნაფიცი მსაჯულები როგორც წესი საზოგადოების ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ხოლმე) უკიდურესად გასაკიცხ ქმედებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში სხვისი პირადი ცხოვრება ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარ მორალურ ღირებულებებზე მაღლა დააყენეს.
ასევე რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ერინ ანდრეუსის სასარგებლოდ ნეშვილის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 55 მილიონი აშშ დოლარი დააკისრეს მარიოტის სასტუმროების ქსელს, რადგან 2008 წელს სწორედ ამ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მოახერხა რომელიღაც პაპარაციმ ერინ ანდრეუსის ფარულად ჩაწერა, როცა იგი აბაზანიდან გამოსული, შიშველი იდგა სარკის წინ და თავს იწესრიგებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი ვალდებული იყო უზრუნველეყო მისი მობინადრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ვინაიდან როცა თქვენ ქირაობთ სასტუმროს ნომერს, თავშესაფრის და კომფორტის მოლოდინის გარდა, ასევე გიჩნდებათ კანონიერი ნდობა, რომ თქვენი პირადი სივრცე სრულად იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში კი მარიოტის მენეჯმენტმა მომხმარებლის ასეთი მოლოდინები ვერ გაამართლა.


წაიკითხეთ  სრულად