განსასჯელი მაგდა პაპიძე განცხადებას გააკეთებს
- 2016-03-31 09:21:52
- 1187 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დღეს, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე გადაწყდება, აირჩევს თუ არა განსასჯელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
სხდომას მაგდა პაპიძის დედა და და ესწრებიან.
როგორც პროკურორმა ელენე ჩხაიძემ განაცხადა, დღეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. როგორც ის ამბობს, პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმე არსებით განხილვას გადაეცეს.
რაც შეეხება ადვოკატებს, მაგდა პაპიძის ადვოკატის ირმა ბრელიძის განცხადებით, ისინი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებენ.
ადვოკატი აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ მაგდა პაპიძე პატიმრობაში იმყოფებოდეს.
როგორც ცნობილია, პროცესს დღეს თავად ბრალდებულიც დაესწრება და როგორც მაგდა პაპიძის და აცხადებს, პაპიძე დღევანდელ სხდომაზე განცხადების გაკეთებას აპირებს.
ლანა პაპიძის თქმით, მას სურს, რომ მაგდა პაპიძის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, რადგან ის სასამართლოს არ ენდობა.
ბრალდებული დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
შსს–ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ მაგდა პ–მ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აცხადებენ შსს-ში.
info9.ge