500 ლარიანი ჯარიმა ახალდაქორწინებულებისთვის

მცხეთაში, სვეტიცხოველთან მეფე - პატარძლის (ახლადდაქორწინებულების) მანქანა საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.

ავტომობილი დაჯარიმდა, იმ მიზეზით, რომ სანომრე ნიშნებზე გადაკრული იყო წარწერა - JUST MARRIED.

პატრულის მოთხოვნისთანავე აღნიშნული წებოვანი ლენტი მანქანის ნომრებიდან მოიხსნა და გზა ჯარიმის გარეშე გაგრძელდა, თუმცა სვეტიცხოველში ჯვრისწერისთვის მისულ წყვილს იგივე ეკიპაჟი დახვდა იმისთვის, რომ "სანომრე ნიშნების შენიღბვისთვის" 500 ლარიანი ჯარიმა დაეწერათ.


"ჯვრისწერის ცერემონია უკვე იწყებოდა, როდესაც გამაგებინეს, რომ ავტოსადგომზე საპატრულო პოლიცია ჩემს ჩასვლას ითხოვდა, იმისთვის რომ ჯარიმა გამოეწერათ. გამიკვირდა, რადგან პირველი გაჩერებისას პატრულის მოთხოვნა შევასულე დაგზა ისე განვაგრძე, მათ არც კი გადავუმოწმებივარ. რა თქმა უნდა, მშვიდად მივიღე ჯარიმის დაწერის ამბავი, თუმცა მეჯვარე ვიყავი და წარმოუდგენელი იყო ტაძრიდან დაუყოვნებლივ გავსულიყავი, რამაც სამართალდამცველების აგრესია გამოიწვია", - განაცხადა დაჯარიმებულმა ვ.წ.-მ.


დაჯარიმებულის წარმომადგენელმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარმა სამმართველომ არ დაკმაყოფილა. გიორგი ნადირაძე ჯარიმას ახლა მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გიორგი ნადირაძის განცხადებით, ჯარიმა უკანონოა, რადგან 122-ე მუხლი ბუნდოვანი ნორმაა, რაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორს საშუალებას აძლევს ნორმა თვითნებურად განმარტოს, მოქალაქის საზიანოდ.

მისი განმარტებით, 122-ე მუხლის პირველი ნაწილი 100 ლარიან ჯარიმას გულისხმობს, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით ჯარიმის ოდენობა 500 ლარს შეადგენს.

იურისტი მიიჩნევს, რომ მესამე ნაწილის მიხედვით, ჯარიმა მაშინ უნდა დაიწეროს, როდესაც ნომრის "შენიღბვა" სამართალდამცველების მიზანმიმათულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"გაუგებარია რატომ წარმოადგენს სანომრე ნიშანზე გადაკვრა შენიღბვას, როდესაც რეალურად ის კი არ ინიღბება, არამედ იფარება. სამწუხაროდ 122-ე მუხლის არცერთი ნაწილი არ ითვალისწინებს სანომრე ნიშნის მხოლოდ დაფარვას, რითაც მოიხსნებოდა კვალიფიკაციის პრობლემა.

როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ისე, რომ ვერ ხდება მისი სახელმწიფო სანომრე ნიშნის იდენტიფიცირება, ეს რა თქმა უნდა, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, თუმცა გასარკვევი ისაა თუ რომელი ნაწილით.

ალოგიკურია ის, რომ თუ პირი მოხსნიდა სანომრე ნიშნებს და მას მხოლოდ ამ ლენტას დააკრავდა ის დაჯარიმდებოდა 100 ლარით, ზემოდან გადაკვრის გამო კი ის 500 ლარით დაჯარიმდა", - განმარტავს იურისტი.


ნადირაძე მიიჩნევს, რომ ტერმინის "სანომრე ნიშნის დაფარვის" განმარტება აუცილებელია, იმისთვის რომ შემდგომში სამართალდამცავს, არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ნორმა თვითნებურად განმარტოს.

"კანონი არ განსაზღვრავს თუ რა არის სანომრე ნიშნის დაფარვა, ასეთი ტერმინი არ არსებობს. სწორედ ეს იწვევს მთავარ პრობლემას და მისი განმარტების საჭიროებას. თუ ჩავთვლით, რომ სანომრე ნიშანი, რომელზეც წებოვანი ლენტია დაკრული ან ჭუჭყისგან არის დაფარული, შენიღბულია, ეს აშკარად არასწორი განმარტება იქნება", - აცხადებს ის.

სტატიას  აქვეყნებს  MediaMall.ge

იქვე  წერს,  რომ   MediaMall.ge ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოზიციის დასაფიქსირებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


თამთა უთურგაშვილი


topnews.mediamall.ge