
როგორ გამოიყურება დღეს გოგონა, რომელიც შატილის ტრაგედიას გადაურჩა
- 07/11/20
- 1580 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

23 აგვისტოს, კომპანია Traveler.ge-ს მიერ მოწყობილი ტურის მონაწილენი შატილიდან უკან ბრუნდებოდნენ. გზის არც თუ ისე საშიშ მონაკვეთზე მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა, მძღოლმა მართვა ვეღარ შეძლო და ხევში გადაეშვა.
მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.
„პრაიმტაიმი“ მუდმივად გიყვებოდათ გარდაცვლილთა თუ გადარჩენილთა ამბებს. მათ შორის – დების, ხატია და მედეა დევსურაშვილების შესახებ. სამწუხაროდ, მედეა გარდაიცვალა, ხატია კი კარგა ხანს ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ, გაიმარჯვა მასზე.
„წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ერთ შვილი დავკარგე და მეორეს მოკითხვისაც რომ მეშინოდა“, – გვითხრა ხატიას დედამ.
მართლაც, საკმაოდ მძიმე იყო ოჯახის მდგომარეობა. მათ 23 აგვისტოს, გვიან ღამით შეატყობინეს ავარიის შესახებ და შემთხვევის ადგილისკენ თავზარდაცემულები გაემართნენ, თუმცა, გზაშივე აცნობეს, რომ მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი უკვე სხვადასხვა კლინიკასა თუ მორგში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილ მედეას მალევე მიაგნეს, გორის პროზექტურაში. ხატიას კი ვერსად პოულობდნენ. მშობლებმა უკვე იცოდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაღუპული და მხოლოდ ღმერთის იმედი ჰქონდათ, იქნებ მეორე შვილი მაინც ენახათ ცოცხალი.
– სურათი მაჩვენეს, – ეს ხომ არ არის თქვენი შვილი, ცოცხალია, მაგრამ უგონოდაა და ვინაობა ვერ დავადგინეთო, – გვიყვება ხატიას მამა, გია დევსურაშვილი. – წარბებით ვიცანი ჩემი გოგო, ისეთი დაზიანებები ჰქონდა სახეზე, რომ მისი ამოცნობა ძლივს შევძელი. მაშინვე ლიკას (ცოლს) დავურეკე, ის სხვაგან ეძებდა ხატიას და ვუთხარი, ვიპოვე, ჩვენი გოგო ვიპოვე და ცოცხალია-მეთქი. როგორ შეიძლება, ერთი შვილის გარდაცვალება იცოდე და მაინც სიხარულით ბღაოდე, რომ მეორე ცოცხალია, მაგრამ ეს დიდი ნუგეში იყო მაშინ, რომ ხატია სუნთქავდა და იმედი გაჩნდა, რომ ის მაინც გადარჩებოდა. თუმცა, მხოლოდ სასწაულის იმედზე უნდა ვყოფილიყავით და ეს სასწაული მოხდა კიდეც.
იმ მძიმე დღეებში „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ გოგონების დედა, ლიკა სიმონიშვილი ყველას სთხოვდა, ელოცათ მისი ხატიას გადარჩენისთვის – ერთი შვილი ღმერთმა წაიყვანა, მეორეს გადარჩენისთვის ილოცეთ ყველამ, იქნებ ის დამიტოვოს უფალმაო. მართლაც მოხდა სასწაული და ხატია დღეს უკვე კარგადაა. დადის, სწავლობს და მალე სამსახურში დაბრუნებასაც აპირებს. დედა ამ სასწაულისთვის უფლის მადლიერია. ამას ექიმებისა და იმ ადამიანების დამსახურებად მიიჩნევს, ვინც მაშინ ხატიასთვის ლოცულობდა.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხატია დევსურაშვილთან. მას ინეტრვიუს დროს დედა ეხმარებოდა, რადგან გოგონამ ყველა დეტალი არ იცის და ის დღე საერთოდ არ ახსოვს. ბუნდოვნად ახსოვს წინა დღე – როგორ ემზადებოდნენ დები ექსკურსიაზე წასასვლელად, ისიც ოჯახის წევრების დახმარებით აღიდგინა და საერთოდ არ ახსოვს 23 აგვისტო. ეს დღე მისი მეხსიერებიდან საერთოდ ამოშლილია. ვერ იხსენებს, მანქანაში სად იჯდა, ვის გვერდით, სად იყო, რა ნახა, რა ემოციები ჰქონდა, არც ის მომენტი ახსოვს, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედა. მანქანაში მყოფი 20 მგზავრიდან მხოლოდ გარდაცვლილი მედეას ტელეფონია გადარჩენილი, რომელმაც ტრაგედიის დღე ფოტოების სახით შემოინახა. ხატია ათვალიერებს ფოტოებს და არც ადგილები ეცნობა და არც სიტუაციები – თითქოს ფოტოებზე თვითონ არ არის აღბეჭდილი და სხვების მოგზაურობას „ფურცლავს“.
ხატიამ კარგა ხანს არ იცოდა დის გარდაცვალების შესახებ. ექიმების რეკომენდაციით, ოჯახის წევრები უმალავდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ლექტორმა მიუსამძიმრა და ფაქტის წინაშე დადგა.
1 თვის წინ, როდესაც ხატია ჯერ კიდევ ვერ დადიოდა, თუთიყუში აჩუქეს, რომელიც მიყვანისთანავე არ მოშორებია ახალ პატრონს და ახლაც მუდმივად თან დაჰყვება. თუთიყუშს რატი ლაონიძე დაარქვა, ლევანი ექიმის (ლევან რატიანი) სიყვარულის გამო. განაგრძეთ კითხვა